თბილისში, „თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

04 იანვარი 2024, 09:52 576 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ საღამოს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი