ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევის შედეგები სამწუხაროა, ბრალდება არის ძალიან მძიმე - ზურაბ აზარაშვილი

29 დეკემბერი 2023, 14:36 562 ნახვა

ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები ძალიან სამწუხაროა. ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება მკაცრი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი.

"დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის ცხრათვიანი მოკვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები. ეს შედეგები არის ძალიან სამწუხარო. დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე. თანაც ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს, ასევე დავამშვიდო მოსახლეობა, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე, სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ასევე აღნიშნა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად.

"ბრალდება არის ძალიან მძიმე. ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად. მასალებით, დასტურდება, რომ კომპანიები ცალსახად იყვნენ გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე.

მედიკამენტი ათასობით ლარი როცა ღირს, თეორიულადაც კი ალბათობა არის მინიმალური, რომ ერთი თეთრის სიზუსტით, ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს მედიკამენტებზე. წინასწარ განზრახული, მიზანმიმართული იყო ფასის ხელოვნურად გაზრდა და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. იცით, რომ გვაქვს წლიური ლიმიტი ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. სამწუხაროდ, სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა. შესაბამისად, ასეთი ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი