ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმის დაკითხვა გადაიდო

22 დეკემბერი 2023, 15:17 678 ნახვა

ლეღვაში 22 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის შეუტყობინებლობასა და მოწმეებზე ზეწოლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ოქროს მოწმის დაკითხვა გადაიდო. ალექსანდრე ახვლედიანმა, რომელსაც დღეს ჩვენება პენიტენციური დაწესებულებიდან უნდა მიეცა, დარბაზში გამოცხადება ისურვა. მის დარბაზში დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარეც. გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამას, გიორგი ბაჟუნაიშვილს გამოძიება მოწმეებზე ზეწოლას, ბიძებს გელა და დავით ბაჟუნაიშვილებს მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულს ალექსანდრე ახვლედიანს, ჩვენება დღეს ბაჟუნაიშვილების წინააღმდეგ უნდა მიეცა. ის ერთ-ერთი თვითმხილველია, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა გიორგი ალხანიშვილი მოკლა, ბრალდებულის მამა მას და კიდევ ორ ბრალდებულ თვითმხილველებს, ახალგაზრდა ბიჭის ცხედრის ჩაბეტონებას და თავიდან მოშორებას სთხოვდა. 18 მაისს ლეღვაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული. გირაო აქვს შეფარდებული სასულიერო პირს გელა ბაჟუნაიშვილს. ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი