გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, ასევე 9 ერთეული თევზმახე ამოიღეს

21 დეკემბერი 2023, 12:09 564 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამოღებულია 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, ასევე 9 ერთეული თევზმახე - „გოდორი“.

„ბადეები ამოღებულია: მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბაზალეთის ტბიდან, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან - ჭოროხიდან და ნატანებიდან, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან - ყუმურიდან, ჯრუჭულადან და ნატანებიდან, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისის ზღვიდან.

პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე ამოღებულია 9 ერთეული თევზმახე - „გოდორი“.

შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან, ერთი ერთეული თევზმახე, ე.წ. „ოჩხი” ამოიღეს, რომელშიც რამდენიმე კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული, რომელიც მდინარეში დააბრუნეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში