2011 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი 100 მლნ ლარს შეადგენდა, წელს 600 მილიონზე მეტია - ირაკლი ღარიბაშვილი

18 დეკემბერი 2023, 16:36 435 ნახვა

2011 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი, ერთობლივად, 100 მლნ ლარს შეადგენდა. წელს 600 მილიონზე მეტია და 2024 წელს იქნება 688 მლნ ლარი. თითქმის შვიდჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წლიდან დღემდე 46 000-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

„ 2013 წლიდან დღემდე 46 000-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. წლევანდელი 10 თვის მონაცემით, პროგრამით 7 700-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემული 890 მლნ ლარზე მეტი სესხიდან სახელმწიფო თანადაფინანსება 200 მლნ ლარზე მეტია. ეს მხოლოდ წლევანდელი მონაცემი გაგიზიარეთ. ჩვენ ასევე მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ფერმერებს, რომ განავითარონ პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები. ჯამში დაფინანსებულია 240 საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, ყოველწლიურად 250 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია შეიქმნება.

შემნახველი საწარმოების ტევადობა 140 000 ტონას მიაღწევს. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს, მთავრობის მხრიდან ათეულობით მილიონი სულ რაღაც ბოლო ოთხ წელიწადში გამოიყო. 75 მლნ ლარია გაცემული და 5 000-ზე მეტი ერთეული ტექნიკის შეძენაში დაეხმარა მთავრობა ჩვენს ფერმერებს ბოლო 3-4 წელიწადში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს.

„2012 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებულია 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, ანუ 180%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე, მინდა, შევეხო რამდენიმე კონკრეტულ მონაცემს, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ზოგადად, ღვინის ინდუსტრია და მევენახეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. 2012 წელთან შედარებით, ბოლო 11 წელიწადში ღვინის ექსპორტი 187 მლნ აშშ დოლარით – 290%-ით გაზრდილია. სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა 140 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 75-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ტენდენცია, რა თქმა უნდა, წელსაც გრძელდება.

11 თვის მონაცემებით, წელს ღვინის ექსპორტმა 241 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ევროკავშირში ღვინის ექსპორტი 130%-ით არის გაზრდილი, ასევე ვითარდება თხილის წარმოება. მთავრობამ წელს 21 მილიონი ლარი გამოუყო ფერმერებს და ჩვენ ამ მიმართულებას 2024 წელსაც გავაგრძელებთ. ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირში ხორციელდება და მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ფერმერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ თხილის წარმოება"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში