სანქციების ასარიდებლად  ჩვენი ქვეყნის გამოყენების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა - ირაკლი ღარიბაშვილი

18 დეკემბერი 2023, 14:31 498 ნახვა

მინდა, შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს, რამდენიმე თვის წინ საქართველოში ჩამოსული იყო მაღალი დონის დელეგაცია, აშშ-ის სანქციების მთავარი კოორდინატორი, ბატონი ობრაიანი, სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შედგენილი ეფექტიანი სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების.

„არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას და ეს ასეც მოხდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საქართველომ დროულად მოახდინა ყველა საფრთხის იდენტიფიცირება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.

„აგვისტოს ომი, რა თქმა უნდა უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. არაერთხელ მითქვამს, 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომელთანაც გამკლავებაც გვიწევდა. საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ეს არ იყო მოგონილი. ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე იყო, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი.

სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციას ვახორციელებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“,-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი