პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა

15 დეკემბერი 2023, 13:06 375 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა. სხდომა შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ყველას დაამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა.

"დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება, ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია. დაბოლოს, ერი, რომელმაც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობით და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ.

მადლობა ყველას, ვინც ამ მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს, გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია გადმოფენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში