კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ

06 დეკემბერი 2023, 20:36 545 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.

„6 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ,ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დიპლომატებმა ჩვენს ქვეყანას მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და რომ ეს დაახლოება არის ბუნებრივი, რეალური და შემდგომი პერსპექტივის მქონე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიღებისას თითოეულმა ელჩმა პირადად გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს ეკლესიისადმი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოჯახი საქართველოს გარეშე სრულყოფილი არ არის, რომ ქართული ქრისტიანული უნიკალური კულტურა და ტრადიციები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე საერთო ევროპული სივრცისთვის. მან ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი იმ დადებითი შეფასებისთვის, რითაც მისი უწმინდესობა გამოეხმაურა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის რეკომენდაციის მიღებას.

ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა დიდი სიყვარული და პატივისცემა დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი; ამასთან დასძინა, რომ იგი აქ უკვე ასობით ადამიანს შეხვდა და ყველა განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა მის უწმინდესობასთან ურთიერთობას. დღევანდელი გულთბილი შეხვედრა კი მისთვის ამ ადამიანების დამოკიდებულების ნათელი დადასტურებაა.

დიპლომატებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები – დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი მიულოცეს, აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულია საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას.

თავის მხრივ მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის და ჩვენი ქვეყნის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიღებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელის, იტალიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, მალტის, იაპონიის, ჩეხეთის, შვედეთისა და სლოვენიის ელჩები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში