ქართველი მეღვინეების ღია წერილი ევროკავშირის ელჩს. წერილს 178 მეღვინე აწერს ხელს და ევროკავშირს სთხოვს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. წერილში აღნიშნულია, რომ ქართულ ღვინოს სჭირდება დამოუკიდებელ სახელმწიფოში სტაბილური, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების პირობები.
ქართველი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს მევენახეობა სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე.
ასევე ხაზგასმულია წლების განმავლობაში ქართული ღვინის, როგორც ბრენდის რეფორმის პროცესში ევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ევროპული ფონდების დახმარებით მცირე და მიკრო მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ - აღნიშნავენ მეღვინეები.