შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის და ქობულეთის სანაპიროს მოწესრიგება მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ინტენსიურად ხორციელდება დასუფთავების და პარალელურად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მობილიზებულია ბათუმის და ქობულეთის მერიების ყველა შესაბამისი სამსახური. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს მობილური ჯგუფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, სასეირნო და ველობილიკიდან ინერტული მასის გატანა მიმდინარეობს.
შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ყველა უწყებას და სამსახურს დაავალა დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. „მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად უნდა მოახდინოს ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ
27 ნოემბერს, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.