პროკურატურა კახა აბუაშვილისთვის (კაბუ) გირაოს შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

27 ნოემბერი 2023, 23:20 442 ნახვა

საქართველოს პროკურატურა მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს" მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს – თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 10 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.

„აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი