მსახიობ და რეპერ კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლომ პატიმრობის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატები კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი, 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
კახა აბუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს, 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.
პროკურორის განცხადებით, კახა აბუაშვილმა აბსტრაქტულ ადამიანებზე ეჭვიანობის ნიადაგზე ქალს დანის ტარი ფეხში ჩაარტყა, შემდეგ კი მას დასახიჩრებით დაემუქრა. მისივე თქმით, დაკავების დროს, აბუაშვილის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანა და ნარკოტიკული საშუალება. ადვოკატის ინფორმაციით კი, აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება კახა აბუაშვილს არ ეკუთვნის.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მსახიობი კახა აბუაშვილი გუშინ დაააკავეს. პროკურატურამ მას ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინა ბრალი. კახა აბუაშვილი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.