სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც 9 რეკომენდაციით არის გათვალისწინებული - პრემიერი

27 ნოემბერი 2023, 14:45 358 ნახვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყებისას განმარტა, დღესვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართება.

"დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც განსაზღვრული იყო და 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილია. 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ გეგმას დავამტკიცებთ. 15:00 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ პარლამენტთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხი, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა. პარტიაში და პარლამენტარებთანაც გაიარეთ ეს საკითხები. ე.წ. 9 ნაბიჯს, რომელიც მთავრობის მიერ უნდა გადაიდგას, ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ. წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს მონახაზი. თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე და რეფორმაზე კონკრეტული ხედვა გვაქვს. გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, პრინციპში, უკვე დაწყებული გვაქვს. ილია დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრა და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, მათ ამ ინფორმაციას მივაწოდებთ. ჩვენი ყველას სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ 9 ნაბიჯში არის გათვალისწინებული", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე დააანონსა, რომ ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, სახალხო ზეიმი გაიმართება.

"14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადაწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, სახალხო ეროვნული გამარჯვების ზეიმი, კონცერტი იყოს და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში