"ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე ბრალდებულ 15 პირს პატიმრობა შეეფარდა

16 ნოემბერი 2023, 13:23 334 ნახვა

"ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ბრალდებულ 15 პირს, მათგან ერთს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

რაც შეეხება 19 ბრალდებულიდან 4 პირს, მათ აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდათ.

6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს - 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში