ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს

08 ნოემბერი 2023, 15:22 535 ნახვა

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადადგმული," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას.

„ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცა წარსულში და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში.

 

ოპოზიციას რაც შეეხება, ძალიან აქტიურად არის საპარლამენტო პროცესებში ჩართული, დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც. გვაქვს ხელშესახები ნაბიჯები, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული საბჭო. მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ეს ჩემი მთავარი მესიჯია. ევროკავშირის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში