მსახიობი თენგიზ არჩვაძე დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით დაკრძალეს.დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც მსახიობ თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, იმყოფებოდნენ მეგობრები,კოლეგები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები. არტისტის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი.თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. 2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.