22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ერთადერთი ბრალდებული ლევან სირაბიძე მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და განმარტა, რომ ბრალდებული მოცემულ შემთხვევაში თავს იცავდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა 22 წლის მოკლული ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან. მათი განცხადებით,მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს, ბრალდებულს კი მფარველობენ.ისინი ხელს რიჩარდ სირაბიძეს ადებენ, რომელიც ლევან სირაბიძის ბიძაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატია ბათუმის საკრებულოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს პროკურატურა.გამოძიების ვერსიით, ნიკა თუთაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით სწორედ ლევან სირაბიძემ მიაყენა.სხდომის დასრულების შემდეგ თუთაშვილის ახლობლებმა მემედ აბაშიძის გამზირზე იმ კაფესთან გადმოინაცვლეს, სადაც მკვლელობა მოხდა. ნიკა თუთაშვილის დედა ქართული ოცნების დეპუტატთან რიჩარდ სირაბიძესთან ითხოვდა შეხვედრას.