საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა.
„საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას.
მთავრობის მეთაურმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მონტენეგროს პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა საქართველოს უყურებს, როგორც კარგ მაგალითს და ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორში კარგი შედეგები აქვს.
მისივე განცხადებით, სურთ ხელი შეუწყონ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც აქვს საქართველოს, რომელსაც უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი.
„ქვეყნებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და რომელ გაერთიანებაში უნდათ შესვლა, მაგრამ პრობლემა არ უნდა შეუქმნან სხვას, ეს არის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა.