ეს დღეც დადგა, პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი - სალომე ზურაბიშვილი

18 ოქტომბერი 2023, 13:17 546 ნახვა

ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

"სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.

 

1. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ. ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება.

 

2. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში.

 

3. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებელობა და პროფესიონალიზმი. ხვალინედელი სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედისმომცემია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას". 

"საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

 

ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერც ერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზეც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა… ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას…. სია შემიძლია, გავაგრძელო…

 

ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.

 

საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც, ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმპიჩმენტის პროცესით მას არაფერი დააკლდება.

"მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში წყდება ამ ვითომც და „ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“. აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ!  ამას გპირდებით!

როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგინკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ, ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში