ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის - პრემიერი

17 ოქტომბერი 2023, 12:26 658 ნახვა

ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მალე გამოაცხადდება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის.

„მინდა ვთქვა, რომ ვმუშაობთ, რათა ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული. იცით, რომ სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის, სპეცსამსახურებისთვის არაერთი წამოწყება, ინიციატივა განვახორციელეთ. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 50%-ით გაეზარდათ ხელფასი. ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საპენსიო, სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის დარეგულირდება. ეს იყო სტატიკური და ჩაკეტილი. ძალიან მალე გამოვაცხადებ ამ გადაწყვეტილებას.

 

იცით, რომ დაწყებული გვაქვს ჩვენი სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იქნება ეს ბინების მშენებლობა, თუ სხვა სოციალური გარანტიები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან გაიღონ საკუთარი სიცოცხლე, მთავრობის მხრიდან სათანადოდ იყვნენ დაფასებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას.

"მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. კიდევ ერთხელ, მე მინდა, მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ვეტერანს, ვინც გაიღო სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა, ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაფასდეს ვეტერანების ღვაწლი.

"ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვიტეთ. იცით, რომ დაახლოებით ათი წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. დღეს ამაყად უნდა ვთქვათ, რომ 125 მილიონ ლარს ხარჯავს მთავრობა, რათა ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული. ამას გარდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაში. დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისისთვის.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1 000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. მე არ ვამბობ, რომ ეს არის დიდი დახმარება, მაგრამ ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი, კომპენსაცია. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამით მთავრობა კი არ ამაყობს, ამით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჩვენი ვალი, მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა გახსნა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში