საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. თუ მოსამართლეები დაადგენენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის უზენაესი კანონი დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.