შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, საგანგაშოა ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე, ბავშვობის ასაკში მისი იძულებით ქორწინების შესახებ - ომბუდსმენი

06 ოქტომბერი 2023, 22:22 505 ნახვა

შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

სახალხო დამცველის განცხადებით, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც ბავშვთა ქორწინების შემთხვევების, ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება.

"კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.

საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი