აგვისტოში დოლართან მიმართებით რუსული რუბლი, თურქული ლირა, ევრო და ლარი გაუფასურდა, მცირედით გამყარდა სომხური დრამი - ეროვნული ბანკი

04 ოქტომბერი 2023, 16:17 1074 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5975-დან 2.6223-მდე, 1.0%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8674-დან 2.8617-მდე. 0.2%-ით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6292 და 2.8621 შეადგინა.

აგვისტოში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 2.6387, ხოლო მინიმალურმა 2.6106 შეადგინა.

"აგვისტოში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო კურსიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი. აგვისტოში საშუალოდ დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუსული რუბლის, თურქული ლირის, ევროსა და ლარის გაუფასურება, მცირედით გამყარდა სომხური დრამი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს.

„აგვისტოში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 8.3%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 21.6%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სსავაჭრო პარტნიორთაგან აგვისტოში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, რუსეთში, აშშ-სა და ბელარუსში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი