პრეზიდენტის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა, რადგან ბიუჯეტის ფულის გამოყენების შემთხვევაში, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც - კობახიძე

03 ოქტომბერი 2023, 13:23 416 ნახვა

მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამ მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებების წარმოება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია ეს თანხმობა და მაინც განახორციელა ვიზიტი, რითაც დაირღვა კონსტიტუცია.

"ამდენად მარტივია ეს კაზუსი. ასეთი კაზუსები შეტანილია პირველი კურსის სახელმძღვანელოებში. ასეთ მარტივ თემებზეა საუბარი, საჭირო იყო თანხმობა, არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. მით უფრო მარტივად არის საქმე, რომ პრეზიდენტმა თავად აღიარა რეალურად ვიზიტების არაკონსტიტუციურობა, კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა ეს და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს რომ ჰქონოდა რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს არ სჭირდებოდა თანხმობა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით.

„პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის მორიგი აღიარება, თუ იყო ლეგიტიმური, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან, ეს არის მორიგი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. მას რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას. ამიტომ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიდიოდა არალეგიტიმურ ვიზიტში, ამიტომ დახარჯა არა ბიუჯეტის ფული, არამედ თავისი ფული, ეს არის აშკარა აღიარება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა მისი ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მისივე განცხადებით, გასულ წელს პრეზიდენტს ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მაინც ვერ მიიღო. კობახიძის თქმით, აღნიშნულის გამო პრეზიდენტისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში