სასამართლოს შეუძლია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება, ვფიქრობთ, პრეზიდენტი გამოცხადდება - მერაბ ტურავა

02 ოქტომბერი 2023, 16:08 664 ნახვა

ველოდებით საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, პარლამენტის ხუთ დეპუტატს, ასევე ველოდებით პრეზიდენტს, ვფიქრობთ, რომ სხდომას ხვალვე დავამთავრებთ, მაგრამ თუ პროცესის მონაწილეებმა ვერ მოასწრეს თავიანთი პოზიციების სრულყოფილად ჩამოყალიბება ან სასამართლოს კიდევ სხვა დამატებით რამე ექნება გამოსაკვლევი, შეიძლება, პროცესი გაგრძელდეს 4 ოქტომბერსაც, - ამის შესახებ საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცედურით, 4 ოქტომბრის შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემჭიდროებულ ვადებში დასკვნა საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.

"სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება, ადგილზე თათბირით გადაწყვეტთ, როგორ მოვიქცევით. მას ალბათ ეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ადგილზე, რამდენად სრულყოფილი იქნება სასამართლო განხილვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომელზეც პასუხები შეიძლება, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს. პლენუმის შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს, საკმარისი იყო თუ არა წარმომადგენლის მიერ პროცესზე ჩამოყალიბებული არგუმენტები და პოზიცია, თუ საჭიროა ასევე დამატებით პრეზიდენტის მოწვევა. თუ ასეთი საჭიროება დადგება დღის წესრიგში, მაშინ პლენუმის შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დამატებით პრეზიდენტი იქნას გამოძახებული სასამართლო სხდომაზე. ჩვენ ვფიქრობთ რომ გადაწყვეტილება გამოვაცხადოთ ერთთვიან ვადაში, გამოდის 15 ოქტომბრამდე. ვფიქრობ და ჩვენი პოზიციაა, რომ არა მარტო კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, არამედ ასევე საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. იყო კითხვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ჩვენ გავეცით პასუხი, რომ მისი მონაწილეობა სხდომაში იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამის შემდეგ არ ვიცით პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პასუხი, პრეზიდენტი უშუალოდ გამოცხადდება თუ არა“, - განაცხადა ტურავამ.

მერაბ ტურავას განცხადებით, შესაძლოა, სასამართლომ მოითხოვოს დამატებითი პირების გამოკითხვაც.

"პირველი შემთხვევაა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ასეთი საკითხის განხილვისა. რაც შეეხება დამატებითი პირების გამოკითხვას. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს შეუძლიათ ადგილზევე დააყენონ შუამდგომლობა ამის შესახებ და თუ სასამართლო ჩათვლის ამ შუამდგომლობას დასაბუთებულად, შეუძლია ადგილზევე დაუკმაყოფილოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალინდელი სხდომაზე ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება მოწვეული. ის ამ შემთხვევაში არ არის პროცესის უშუალო მონაწილე, მაგრამ როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის პოზიცია იქნება საინტერესო. ჩვენ შეგვიძლია, არ დაკმაყოფილდეთ იმ ინფორმაციით, შეკითხვებზე პასუხით, რასაც მივიღებთ და სასამართლო უფლებამოსილია, დამატებით, ასევე პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ამას ადგილი არ ექნება. საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდება და თუ არ გამოცხადდა, წარმომადგენლით იქნება წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მისი დამატებით მოწვევა და ამაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანა საჭირო იქნება თუ არა, ამას გვიჩვენებს ხვალინდელი სხდომა“, - განაცხადა ტურავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი