ის სპექტაკლი, რაც დღეს უნდა მოაწყონ, ამორალურობის პიკს აღწევს - მდინარაძე ოპოზიციაზე

22 სექტემბერი 2023, 14:17 500 ნახვა

მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს იმაზე, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ააგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს ოპოზიცია. რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ. იქვე იგრძნობა, ისე გოიმურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაც მითითებებს აძლევენ ერთმანეთს და დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული. როგორც ჩანს რაღაცას მოაწყობენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. არ აინტერესებს ამ ხალხს არანაირი თემა. ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და ნატოს წყალქვეშა ნავები უნდა განვათავსოთ იქო, რომან გოცირიძე ლაპარაკობს. არასერიოზული ხალხია.

 

ამასაც რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს იმაზე, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ააგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს. ის სპექტაკლი, რაც დღეს უნდა მოაწყონ, აი, ამ ამორალურობის ხარისხის პიკს აღწევს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კი შეუძლიათ თავისი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იზრუნონ“,- თქვა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

„მათ ინფორმაცია აქვთ და დღეს ალბათ კიდევ ერთხელ მოისმენენ, თუ რა მდგომარეობაში ამოჰყავდათ მაშველებს გარდაცვლილი ადამიანები[შოვში], რამდენად მყისიერი იყო თუ არა ადამიანების გარდაცვალება იმ უდიდესი ტრაგედიის დროს და ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარს რომ აგრძელებენ, ამაზე დიდი ამორალურობის წარმოდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი