ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმაც.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრ პაველმა შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.
პრემიერი შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტსაც. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე − საქართველოსა და ესტონეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.