ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა - პროკურატურა

20 სექტემბერი 2023, 14:08 553 ნახვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1 იანვარს, ბრალდებულმა რ.ა.-მ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებს, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

"აღნიშნული კონფლიქტის დროს, ინციდენტში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა გ.ც.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ორი პირის - გ.ა.-ს და ო.ა.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, ხოლო ც.გ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა"- აცხადებენ პროკურატურაში.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო გ.ც.-ის ბრალდების საქმე, ამჟამად სასამართლოში განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი