საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით აღიარებულია უმაღლეს დონეზე, ამის მიუხედავად, არ წყდება ყალბი ინფორმაციები პოლიტიკურად მოტივირებული პირებისგან - ფინანსთა სამინისტრო

19 სექტემბერი 2023, 21:32 565 ნახვა

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაკეთებულ მორიგ აბსურდულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს, „ოთარ ფარცხალაძე მართავს და აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებს და უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით აღიარებულია უმაღლეს დონეზე, ამის მიუხედავად, არ წყდება ყალბი ინფორმაციები პოლიტიკურად მოტივირებული პირებისგან.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები წელიწადზე მეტია, მიზანმიმართულად აზიანებენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და შეგნებულად, ჩრდილს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას, დაუსაბუთებლად ამტკიცებენ რა, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციებს.

ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველო ეფექტურად განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს, აქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან.

საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე და მიუხედავად ამისა, კვლავაც არ წყდება ყალბი ინფორმაციების გავრცელება პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ.

საზოგადოებისთვის, ასევე, ცნობილია ის პოზიტიური შეფასება, რაც ფინანსთა სამინისტრომ სანქციების აღსრულების ნაწილში დაიმსახურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის დროს.

მიუხედავად ამ აბსურდული განცხადებებისა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, ვიწროპარტიული ამოცანები, ფინანსთა სამინისტრო და მისი სამსახურები, კვლავ წარმატებით გააგრძელებენ მუშაობას მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი