გათენიისას ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სევასტოპოლის გემთმშენებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ორი გემი დაზიანდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტა დაუშინა და სამი საზღვაო დრონით თავს დაესხა საწარმოს - განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 7 რაკეტა მოიგერია, ხოლო საპატრულო გემმა ყველა საზღვაო დრონი გაანადგურა - ნათქვამია შოიგუს უწყების განცხადებაში, რომელიც ტელეგრამ-არხით ვრცელდება.
სევასტოპოლის პრორუსმა გუბერნატორმა მიხაილ რაზმოჟაევმა ტელეგრამარხზე დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულია 24 ადამიანი. ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანებული არ არის.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქარხანა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, აგებს და არემონტებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებსა და წყალქვეშა ნავებს. ამ ფლოტმა უკრაინაზე უამრავი დრონის გამოყენებით სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.