საქართველოს პრეზიდენტი აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომ ვიზიტზე საქართველოს მთავრობისგან თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი, ანუ დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ადამიანი მთავრობას აკრიტიკებს, სად ხართ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ორიენტაციაზეც კი ეჭვი შეაქვს, სპეკულაციურად, სპეციალურად ნაცნარატივის შესაბამისად. ამ დროს, თან ითხოვს, თქვენ მაგივრად ჩვენს ქვეყანას მე წარვადგენ უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაშიო. ასევე, მათ შორის ოთხი დღე დაიკარგა, გაქრა და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომელზეც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი. ანუ დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ფუთავს. ამ შეფუთვის იმედად, რომ მე ვითხოვ ქვეყნის ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსს, სადაც მინდა, იქ ჩავალ და როგორც მინდა, ისე დავარღვევ კონსტიტუციას, „ნაცების“ და მთელი მათი კლასტერი მხარს უჭერს მას და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ევროპელი ლიდერებიც. იმდენად დამაზიანებლად იქცევა, რომ შემდეგ შეფუთვაც აღარ შველის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, არ შეიძლება ნდობა პრეზიდენტის, თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელიც საკუთარ ქვეყანას აფასებს გაცილებით უარესად, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე კარგად შემფასებელი.
მისივე განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც მორალური, სამართლებრივი, ყველა თვალსაზრისით იყო სწორი, რადგან პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნოდა, მე წავალ, იქნებ მოგვცენ, ეს უკიდურესად დამაზიანებელია.
"მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, წელსაც, პარლამენტის ტრიბუნიდან გვამუნათებდა, რომ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ წელსაც არ გვეკუთვნის, ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ, მათ შორის არა კონსტიტუციიდან გამომდინარე, არამედ მორალური საფუძველიც კი არ არის, რომ ასეთ ადამიანს დაავალო, სთხოვო, ნება მისცე ან თანხმობა, შენი ქვეყანა წარადგინოს. მთავრობის გადაწყვეტილება – მორალური, სამართლებრივი და ყველა თვალსაზრისით იყო სწორი, რადგან პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არც შარშან გვეკუთვნოდა და არც წელს, მე წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი. ამის შესაბამისად, არ შეიძლება ნდობა პრეზიდენტის, თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელიც საკუთარ ქვეყანას აფასებს გაცილებით უარესად, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე კარგად შემფასებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ყველამ თავი უნდა დაანებოს სპეკულაციებს და პატივი სცეს საქართველოს კონსიტიტუციას, სამართლებრივ მხარეს და სამართლებრივ ასპექტებს.