ლოჯისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს შოვში, დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. თავდაცვის ძალები 10 ლოკაციაზე ახორციელებს ძებნა-შველის ღონისძიებებს.
უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა მაშველებთან ერთად, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.
მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართული.