აფხაზებთან და ოსებთან ერთად ძლიერი სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ყველასთვის - პრემიერი

14 აგვისტო 2023, 10:50 886 ნახვა

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ყველასთვის. ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა ამ მიზანთან თანმიმდევრულად გვაახლოებს.

"31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები – ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა – კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი. აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი