რიკოთთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენ თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანაც არის პოლიტიკური. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინებისა და ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ, მოვისმინე ძალიან ბევრი ტყუილი, მოვისმინე ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები. იყო ცილისწამება. რიკოთის მონაკვეთი, რომელიც შედგება ოთხი მონაკვეთისგან, ჯამში არის 52 კილომეტრამდე გზა. 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია, აქედან 12 გვირაბითა და 22 ხიდით დაახლოებით რვა თვეა, ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86 პროცენტი. გამორჩეულად დაწინაურებულია ორი მთავარი მონაკვეთი, რომელიც ხევიდან ზესტაფონამდეა. შესაბამისად, პროგრესები აქ არის 90 და 96 პროცენტი. ანუ ეს არის ის ორი მონაკვეთი, რომელთა გახსნაც დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე ბუნებრივია, გრძელდება სამუშაოები, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
რაც შეეხება ბრალდებებს, პირველი ბრალდება იყო, რომ რიკოთი დაკეტილია. რიკოთი არ არის დაკეტილი, მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზი არის შემდეგი. 149-ე კილომეტრზე არსებული ძველი გზიდან დაახლოებით 200 მეტრში აღმოჩენილ იქნა პოტენციური მეწყერის კერა, რომლის ანალიზიც და შესწავლაც გააკეთეს სპეციალისტებმა და მიიჩნევა მომეტებული საფრთხის მქონედ. მყისიერად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით, გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი, ასევე მოეწყო შესაბამისი კედელი. ამ პირობებში ჩვენ შეგვეძლო შესაბამისი სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომ შესაბამისი პრევენცია პოტენციურად გააქტიურების პირობებში იქნებოდა შესაძლებელი და ამ პირობებშიც კი, გადაადგილება დარჩებოდა და დღესაც რჩება აბსოლუტურად უსაფრთხო. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ რიკოთის 149-ზე კილომეტრზე მეწყერი არ განვითარებულა.
უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად უზრუნველყო, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო შესაძლო რისკი, შესაბამისად, გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. როგორც ვრცელდებოდა გუშინ, 19:00 საათამდე, ეს არ არის სიმართლე, არამედ არის 06:00 საათიდან 21:00 საათამდე, შემდგომ უკვე 22:00 საათიდან 05:00 საათამდე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. ეს არის მაგალითი, რაც საპირისპიროა იმ ბრალდების, თითქოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია, მართოს პროცესები და კომპეტენციის პრობლემაა. კეთდებოდა მსგავსი შეფასებები, რომლებიც ელემენტარულად არის უსაფუძვლო და არის ცილისმწამებლურიც. ეს არის ის მაგალითი, როდესაც დეპარტამენტმა სწორედ წინმსწრებად, ვიდრე განვითარდებოდა, მიიღო შესაბამისი ადეკვატური ზომები, რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტური, რომ ძალიან მალე მოხდა სპეციალური რეჟიმით რიკოთის მონაკვეთის გახსნა და დღესაც ამ რეჟიმით ვსარგებლობთ. დღეს უკვე შემსუბუქებული რეჟიმით ვმოქმედებთ. ამდაგვარი მიდგომა გაგრძელდება და შეიძლება, გამოიწვიოს კიდევ უფრო შემსუბუქება, ან საერთოდ ამ რეჟიმის მოხსნა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ შეფასებებზე, რომლებიც სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ იქნება განხორციელებული.
რეალურად, ძალიან მძიმე ვითარებაა. ამ ვითარებაში ხელოვნური დაძაბულობა, საზოგადოების დაშინება, არის დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება იყოს მშვიდად, გამომდინარე იმ ნამდვილი რეალობიდან, რაც რიკოთზე არსებობს. რიკოთი დღესაც არის უსაფრთხო. რიკოთი შენდება ისეთი პროექტით და ყველა მაღალი დონის სპეციალისტის იმდაგვარი ჩართულობით, რომ რიკოთი იქნება ასევე უსაფრთხო გზა. მოსახლეობას ვარწმუნებთ, რომ მათი დაშინების მთელი ეს კამპანიური, პოლიტიკური მცდელობა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარეალური“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი.
„შეუძლებელია, პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, რომ ამ პირობებში სანქცირებულ შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან სანქცირებული კომპანიები და უადგილო განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი მისცა, ჩააბარა, არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა გამარჯვებული კომპანიების შერჩევა. შეგახსენებთ, რომ რიკოთის ოთხ მონაკვეთზე ოთხი სხვადასხვა კომპანიაა.
10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
ბევრჯერ გაიჟღერა ცილისწამებამ, რაც უკავშირდება კორუფციას, კორუფციულ გარიგებებს, ეს არის აბსოლუტური ცილისწამება. ხუთი 5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ბუნებაში ასეთი არ არსებობს, მაგრამ კორუფციაში დამდასტურებელი ფაქტის გარეშე, რომ ადანაშაულებენ, იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში,არის დიდი შეურაცხყოფა და ცილისწამება, ასეთი რამ არის დაუშვებელი“, – განაცხადა ქარსელაძემ.
როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დამოუკიდებელი ექსპერტები ჰყავდათ დაქირავებული, რომლებიც პროექტირების პროცესებში იყვნენ ჩართული და პროექტი მათი შეფასების პირობებში დამტკიცდა.
„ბრალდება, რომელიც უკავშირდება პროექტირებას და საპროექტო, საკვლევაძიებო სამუშაოებს, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც ხდებოდა. პროექტირება და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა მსოფლიოს ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით განხორციელდა. ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურაა, რომელიც, პირველ რიგში, კომპანიისა და კომპანიაში პროექტისთვის წარმოდგენილი ინჟინრების, ექსპერტების, გუნდის ტექნიკურ შეფასებას ითვალისწინებს, ასევე ითვალისწინებს მსგავსი მასშტაბური პროექტების გამოცდილებას და მრავალ სხვა პარამეტრს, ისევე, როგორც ფინანსურ გამოცდილებას და სხვადასხვა მოთხოვნას. ამის შედეგად უკვე 80/20-ზე ნაწილდება ქულების შეფასება. ანუ, მთლიან შეფასებაში 80 პროცენტი მიენიჭება ექსპერტების შეფასებას, მათ კვალიფიკაციას და 20 პროცენტი არის ღირებულება. სწორედ ასეთი შესყიდვის შედეგად შეირჩა ოთხი კომპანია. ოთხივე კომპანია არის წამყვანი კომპანიები, რომლებთან ერთადაც საგზაო პროექტირების სამი ქართული წამყვანი კომპანია იყო ჩართული. ჯამურად, რიკოთზე, მხოლოდ პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მუშაობდა – ინჟინერი, ექსპერტი. აქედან 56 იყო საერთაშორისო, 84 კი ადგილობრივი.
გარდა იმისა, რომ გამოცდილი კომპანიები ამზადებდნენ დეტალურ პროექტს, ამასთანავე, საკუთრივ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დაქირავებული ჰყავდათ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც პროექტირების პროცესებში იყვნენ ჩართული. საბოლოო ჯამში, მხოლოდ მათი დადასტურებების, აუდიტის და შემდგომი საბოლოო დასტურის პირობებში იქნა დამტკიცებული პროექტები, რომლებიც განისაზღვრა, როგორც სამშენებლო ტენდერისთვის მომზადებული პროექტი, ვარგისიანი, დამაკმაყოფილებელი, ხარისხიანი პროექტის სახით.
ბევრი მსჯელობა გვესმოდა, რამდენად არიან ქართველი სპეციალისტები ჩართული, ვფიქრობ, ციფრები მეტყველებს ყველაფერზე, რამდენად მნიშვნელოვანი, მასშტაბური იყო ჩვენი ინჟინრების ჩართულობა ამ მიმართულებით. როცა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაქირავებულ ექსპერტებზეა საუბარი, საქმე გვქონდა ძალიან გამოცდილ გერმანელ, ფრანგ, იტალიელ, ავსტრალიელ, ავსტრიელ და სხვა ძალიან წარმატებული, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან და კომპანიებთან. აქედან გამომდინარე, საუბარი, თითქოს პროექტს რაღაც დააკლდა, რაღაც ისე არ იყო გაკეთებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.