დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება - პრემიერი

03 აგვისტო 2023, 17:03 1002 ნახვა

დღეს ქვეყანა და ზოგადად რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა ასეთ ვითარებაში მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და ზოგადად მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და ამ სამსახურის პირდაპირი როლი რა თქმა უნდა არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანმდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავდროულად ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია, მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გეოპოლიტიკურ კრიზისებს და მიმდინარე საფრთხეებს საქართველო თავიდან აიცილებს.

მისივე განმარტებით, ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება.

" ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ეს. ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს – პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით. მჯერა, ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული ტემპებით ვითარდება. ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ასევე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი