მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ბრალდება კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინა

03 აგვისტო 2023, 15:22 1003 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ვ.ლ.-ს, კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“-ის ექსპერტმა კახეთში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოებისთვის ყალბი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა.

"გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით, სოფელ კოჭბაანში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა, ბრალდებულის მიერ მომზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშისა და შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით დადასტურდა.

ამასთან, იგივე ანგარიშის და აქტის თანახმად, ბრალდებულმა შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისა და ინსპექტირების ჩატარების გარეშე ყალბად მიუთითა, თითქოსდა სამუშაოებში გამოყენებული მასალები ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტებს შეესაბამებოდა და საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სახელით დამზადებულ ინსპექტირების ანგარიშში დირექტორის მონაცემების გასწვრივ თავად მოაწერა ხელი; ასევე გააყალბა ექსპერტ/ინსპექტორის და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები და ხელი მათი სახელითაც მოაწერა, მაშინ როდესაც შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ დირექტორსა და თანამშრომლებს აღნიშნული ინსპექტირება არ ჩაუტარებიათ, ასევე, არც ინსპექტირების ანგარიში და შესრულებული სამუშაოს აქტი მოუმზადებიათ.

ვ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტის ვ.ლ.-ს მიმართ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, არსებითი განხილვა მიმდინარეობს"-აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში