ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი - ხორვატიის პრემიერ-მინისტრი

24 ივლისი 2023, 13:57 691 ნახვა

ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და აღნიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს.

"ბოლო 30 წლის განმავლობაში, ხორვატიის რესპუბლიკაში ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი. მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა და მადლობას ვუხდი მას ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და ასევე, შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს.

გასულ წელს, ევროპულ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს ევროკომისიის დასკვნაშია გაწერილი. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა.

რაც შეეხება საქართველოს ამბიციას ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრძანდებოდა სამიტზე და გააჟღერა გზავნილები. საქართველოს ამჟამად ორი ოკუპირებული ტერიტორია გააჩნია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რომლებიც რუსეთის მხრიდან არიან ოკუპირებული. ფორმულად, რუსეთმა მოახდინა ანექსია, ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, სამხრეთ ოსეთის ნაწილიდან თბილისამდე არსებობს ადმინისტრაციული საზღვარი და დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზეა. მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ხორვატია და საქართველო გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ძალიან ახლოს ვართ, უნდა გაუმჯობესდეს დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობებიც.

ასევე, მივესალმებით ხორვატიის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას. კომპანიები ფუნქციონიერებენ საქართველოს ბაზარზე თავიანთი პროექტებით და გვინდა, ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველოდებით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის კვალობაზე, ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებზე, გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტების ფარგლებში, ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და ნახეს, რა არის ჩვენი გამოცდილება. ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში“, - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი