ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

21 ივლისი 2023, 15:29 731 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.

მისივე განმარტებით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

"ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველო იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი