გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
ალასანია პოლონელი ექიმების ჯგუფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მადლობას უხდის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის. მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხი ნომერ პირველი თემა გახდა ევროპისთვის.
„ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ (უცხოელი ექიმები). რაღაც რეკომენდაციები გასცეს, ალბათ შემდეგ წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მორავეცკის, პოლონეთს, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით. ევროპის 27 ქვეყანა მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებაში. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემი შვილის სტატიები. ფაქტობრივად, ნომერ პირველი თემა გახდა ევროპისთვის. უკრაინა ძალიან აქტიურობს, მიუხედავად თავისი მძიმე პრობლემებისა. არცერთი წუთი არ ივიწყებენ მიხეილ საკაშვილს. ძალიან გამამხნევებელი იყო ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა...
დღეს სისხლის გადასხმას უპირებენ, ჯანმრთელობა ვერ არის ფორმაში. გუშინ ბატონმა ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ჩემს შვილს ეს კომპლიმენტადაც მიეღო და ამ ვითარებაში, რა ვიცი, რა გითხრათ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მომატებული წონა შესაძლოა, ბევრი სითხის მიღებით იყოს ნაჩვენები.
„წონაში მატება იმაზეა, ვთქვათ, აწონამდე ბევრი სითხე თუ ჰქონდა დალეული, ყველაფერს ხომ აქვს მნიშვნელობა. მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.