ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მანიპულაციაა - "ხალხის ძალა"

13 ივლისი 2023, 10:12 754 ნახვა

რუსეთთან კავშირის დაბრალება ლიბერალების საყვარელი იარაღია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, - ამის შესახებ ხალხის ძალის განცხადებაშია ნათქვამი.

"ორიოდე თვის წინ დასრულდა დონალდ ტრამპის რამდენიმეწლიანი დავა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთთან ტრამპის არალეგალური კავშირების შესახებ პოლიტიკური და იურიდიული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. აქედან ჩანს, რომ რუსეთთან კავშირის დაბრალება ლიბერალების საყვარელი იარაღია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში.

საქართველოში რუსული ფაქტორით მანიპულირება კიდევ უფრო იოლია იმ პირობებში, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. შესაბამისად, ყველაფერს, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მის საქმიანობას უკავშირდება, ქართველი ლიბერალები - ნაციონალები და მათი პატრონები უაპელაციოდ პრორუსულს და რუსულს არქმევენ.

მათი გადმოსახედიდან, რუსულია ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებს ემსახურება: რუსულია, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში მშვიდობას უფრთხილდება; რუსულია ბიძინა ივანიშვილი და მისი უპრეცედენტო, სამმილიარდიანი ქველმოქმედება, რომლითაც უამრავი ქართული საქმე გაკეთდა; რუსულია მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო, თავად პატრიარქიც, რომელიც 45 წელია, საქართველოს ემსახურება; რუსულია ერეკლე მეორე, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი; რუსულია იმის მტკიცება, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ოჯახური კავშირია; რუსული დეზინფორმაციაა ნებისმიერი სიმართლე, რომელიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს; რუსულია ქართული კანონი, რომელიც ამერიკული კანონის შერბილებული ვერსიაა, მეტიც, რუსულია თვით ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანიც; რუსულია, რომ ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით ქართული ეკონომიკა არ გაანადგურა; რუსულია საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელსაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დღიდან კიევი არცერთი წამით არ დაუტოვებია; რუსულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც, თუ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდება; რუსულია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატო-სკენ სწრაფვა იყო, მაგრამ თუ იმავეს ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, ეს უკვე დასავლურია; ისიც კი რუსულია, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსულ ტანკებს საქართველოში არ შემოუძღვა.

არარუსული და მედასავლეთე მხოლოდ უცხოური აგენტურაა, რომელიც გლობალური ომის პარტიის დაკვეთით ჯერ ხელისუფლების რიგებიდან ადამიანებს აწამებდა, აპატიმრებდა და ბიზნესებს ართმევდა, ტელევიზიებს იტაცებდა და 2008 წელს რუსულ ტანკებს საქართველოში შემოუძღვა, ხოლო ახლა ოპოზიციის რიგებიდან ცდილობს ქვეყანა არიოს და საქართველოში მეორე ფრონტი გააჩაღოს.

ლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, ამქვეყნად ყველაფერი ან პრორუსულია ან პროდასავლური. მათ ლექსიკონში ქართულისთვის სივრცე საერთოდ არ რჩება. უსამშობლო ე.წ. ლიბერალებს შესაძლოა, მართლა ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს სამშობლოზე გული შეიძლება შეტკიოდეს და გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით იღებდეს.

ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მარტივი მანიპულაციაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებაა, რაც აუცილებლად ქვეყანაში რუსული ტანკების შემოსვლით დასრულდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ამ კამპანიას ე.წ. ლიბერალები დასავლეთის სახელით და ხშირად დასავლური დაფინანსებით აწარმოებენ“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი