ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ. 2022 წლის 30 ოქტომბერს მათ სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს. კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა, სადაც მან დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ნაფიცი მსაჯულები საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.