ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები, იმედია მივიღებთ სტატუსს და საქართველო ევროპულ ოჯახში გაერთიანდება - პრემიერი

07 ივლისი 2023, 10:10 628 ნახვა

ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში.

"საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, ქალებისა და კაცებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების მატარებლები ხართ და ეს ღირებულებები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. საქართველო, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს. ასევე, პასუხი გაეცეს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში, ამ გზას ჩვენ დიდი სიმტკიცით, ენთუზიაზმითა და დიდი სურვილით მივუყვებით.

 

ამ ეტაპზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი.

 

მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს გადის და ჩვენი ვალია, ეს ეტაპი სიბრძნით, მოთმინებით გავიაროთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა მივცეთ.

"საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ ამ გზას მივყვებით ფრთხილად, დიდი მონდომებით და ნებისყოფით. ჩვენ ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს. უფრო მეტიც, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ განხორციელდა ყველა ის რეფორმა, რამაც საქართველო წარმატებული ქვეყანად აქცია კორუფციასთან ბრძოლაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში, ბიუროკრატიის შემცირებაში, ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა გავხადეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი"-განაცხადა პრემიერმა.

საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. რამდენიმე წუთის წინ 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე. სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანსის დრუენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი