ვინც არაფერი არ გააკეთა სტატუსის მისაღებად, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში - პრემიერი

30 ივნისი 2023, 13:21 704 ნახვა

ვინმემ თუ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია“, რომელსაც არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ეწევიან საბოტაჟს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.

„ამის კონკრეტული ფაქტები, მინდა, მოგიყვანოთ. შარშან, როცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ისტორიული მომენტი იყო, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელი ქვეყნებისთვის მიეცათ სტატუსი, ამ გადაწყვეტილებამდე, ევროპელი ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიღებულ იქნა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მტრული რეზოლუცია. ვინ იყო რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი? ამ რეზოლუციის სპონსორიც, ინიციატორიც, ხელმომწერიც იყო ამ დესტრუქციული „ომის პარტიის“ მთავარი დედა პარტია, „ევროპის სახალხო პარტია“. ჰკითხეთ მათ, თუ გააკეთეს რაიმე საჯარო მოწოდება, ან თხოვნა, ან დემარში, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება შემაფერხებელი ბარიერი იქნებოდა ევროპელი ლიდერებისთვის, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვისაც.

მოგეხსენებათ, 27 ქვეყნის ლიდერებს შორის ხშირად არ არსებობს კონსენსუსი, ევროპის გაფართოება არის საკითხი, რომელზეც ძალიან დიდი დებატები არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში, დღესაც არ შეჩერებულა ეს დებატები. ასეთ ვითარებაში, ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც მათი საბოტაჟის დამადასტურებელია. საბოტაჟის, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს არის ერთი ფაქტი. სხვა უამრავი ფაქტი არსებობს, რომელზეც ჩვენი კოლეგები ვსაუბრობთ. ეს არის გამაოგნებელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, გვარებზეც იყო ძალიან ბევრჯერ საუბარი, როცა ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში. წარმოგიდგენიათ, რამხელა ღალატია ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ინტერესების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის ომის დაწყების დღიდან კი სანქციების დაწესებას ითხოვენ, რითაც ,,ომის პარტიას'' სურდა, მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება არ გადადგამს არც ერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

"ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენს ტერიტორიაზე ბაზირებას. ოკუპაცია, მოგეხსენებათ, არის ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობად დახვდა 2012 წელს. აქვე მინდა, შედარებისთვის კიდევ ერთხელ გავახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ არ დაგვიინიცირებია რაიმე კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ამ ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად. ვგულისხმობ, მაგალითად სანქციებს.

 

ეს ადამიანები, ოპოზიცია, ომის დაწყების დღიდან ითხოვდნენ სანქციების, ეროვნული სანქციების, მათ შორის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და ასე შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რამხელა კამპანია აწარმოეს, რომ ამ სანქციების დაწესებით, არ ვიცი, რისი მიღწევა უნდოდათ, ამით უნდოდათ ომის, მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა და ქვეყნის განადგურება. ისევე როგორც გაანადგურეს ერთხელ ქვეყანა, ასევე უნდოდათ მეორედ გაენადგურებინათ, ამ უპასუხისმგებლო ,,ომის პარტიას''. ჩვენ თავიდანვე ვთქვით საჯაროდ და ღიად, რომ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ეს იყო ჩემი პირველი განცხადება, იყო ჩვენი ლიდერების, გუნდის წევრების განცხადებები და ამ პოლიტიკას მივყვებით დღემდე, ამ პოლიტიკას დავიცავთ მტკიცედ და ამ პოლიტიკას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ. რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მხოლოდ ამ პოლიტიკას განვახორციელებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის, ბოიკოტის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება.

"მესამე არგუმენტი, რაც ჩვენ კოლეგებს ვუთხარი არის შემდეგი, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა ისევ და ისევ ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის, ბოიკოტის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, დასრულდება ალბათ შეუძლებელია, პოლარიზება ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სწორედ სტატუსის მინიჭება. მე მათ ვუთხარი, თუ რეალურად არიან დაინტერესებული და მჯერა, რომ არიან დაინტერესებული, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ქვეყანამ, ხალხმა და ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს სტატუსი. ეს არის აუცილებელი, რადგან ერთ-ერთი მთავარი თემა ხელმოცარული ოპოზიციის, არის ევროპული პერსპექტივა, ევროპული დღის წესრიგი, რომლისთვისაც მათ არაფერი გაუკეთებიათ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში.

როცა დაიწყო უკრაინამ და მოლდოვამ ასოცირებაზე მუშაობა, მათ შორის უვიზო რეჟიმზე, ჩვენ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ, ვკითხეთ მათ, რატომ დაიწყეს ასე დაგვიანებით ეს პროცესი. მათი ბელადი ღიად გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიმართულება უნდა ყოფილიყო სინგაპურიზაცია, არა ევროპეიზაცია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ მთავარ დღის წესრიგად, მოსვლის დღიდან, არა მხოლოდ გამოვაცხადეთ, არამედ კონკრეტული შედეგები მოვუტანეთ ჩვენ ქვეყანას. მათი ამოცანა იყო სინგაპურიზაცია, ეს არა ამის კლასიკური გაგბით, არამედ დამახინჯებული, ფევდოსინაგპურიზაცია. სინგაპური მართლაც საოცარი ქვეყანაა, მაგრამ  ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინა ხელისუფლებას, რომელიც დღეს გამოდის და თავს წარმოაჩენს, თითქოს ძალიან დიდი პროევროპელები არიან და რეალურად სურთ ქვეყნის ევროპეიზაცია, არაფერი გაუკეთებიათ, ამიტომაც ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. სხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული მიღწევები, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი დესტრუქციული, ,,ომის პარტიის''. მისივე თქმით, მათ ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს.

"ჩვენი გონივრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. მიუხედავად ამათი ძალიან ბევრი მცდელობის, დესტრუქციის, საბოტაჟის.  გახსოვთ როგორ იქცეოდნენ შარშან, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინ ზღვარზე იყო, რომ ეს ომი გავრცელებულიყო რეგიონში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ დესტრუქციული, ომის პარტიის სწორედ იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სხვა რა მიზანს ემსახურებოდა ის პროვოკაციები, რომლებიც მათ დაგეგმეს და ვერ განახორციელეს. ყველაფერი ჩაუვარდათ, ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში