პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია - პრემიერი

30 ივნისი 2023, 12:20 1875 ნახვა

საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია.

„2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა; ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3.1 პროცენტამდე. რეკორდულად მცირე – ორწლიან პერიოდში შემცირდა; მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული ლიმიტი სამი პროცენტია. წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2.8 პროცენტზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც იყო შარშან, ჯერ პანდემიის დროს, პოსტპანდემიურ პერიოდში, ომის დაწყებიდან, ეს იყო მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა. ინფლაცია გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის და ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ინფლაციასთან საბრძოლველად რიგმა ძლიერმა ეკონომიკებმა სერიოზული ზომები მიიღეს.

 

ჩვენც ანალოგიურად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. გასულ წელს მთავრობის ვალი ჩამოვიდა პანდემიამდელ დონეზე. ჩვენ ველით ვალის კლების ტენდენციის შენარჩუნებას. პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გდასცდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც; ე.წ. ჯინის კოეფიციენტი ასევე ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან, მოგეხსენებათ, რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული საზოგადოებაში შემოსავალი“,  - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა.

„მინდა, უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობა. დავიწყებდი, ზოგადად, ეკონომიკის მიმოხილვით. ბოლო ორი წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2021 წელს იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მილიარდი ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი ლარი. სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს ეს მაჩვენებელი იქნება 8 200 დოლარი. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ, 2020 წელს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 4 500 დოლარი.

ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. საგარეო მოწყვლადობა. შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს – 4.1%-ს გაუტოლდა. ჩვენ თუ შევადარებთ, 2012 წელს მშპ-თან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. მოხსენება ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკა, ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენით დღეს საგაზაფხულო სესია დაიხურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი