თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას ედავებოდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლოზეც დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, არალეგალური გზით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა, რომელიც მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განათავსა.
ასევე, თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 7 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, ფულადი თანხა და კრიპტო ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა.