ქედაში მთა საიჩარისა და გომის მთის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. მთის სეზონზე სამი თვის განმავლობაში ტრანსპორტი მოსახლეობასთან შეთანხმებით კვირაში თითო მარშრუტს განახორციელებს. მოსახლეობის მოთხოვნით დაგეგმილ დღეებში გომის მთაზე- 10, ხოლო საიჩარზე 12 მარშრუტი შესრულდება. ტრანსპორტის სარგებლობის საშუალება ექნებათ ტურისტებსაც. ქედის მერია პროგრამას მესამე წელია ახორციელებს, წელს ამისთვის 7 000 ლარი გამოყო. ქედის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანი სამთო იალაღებზე დროებითი მცხოვრებლების შენარჩუნება, მეცხოველეობის დარგის განვითარება და სამთო ტურიზმის გააქტიურების ხელშეწყობაა.