ესპანეთის სანაპირო დაცვამ სამშაბათს საღამოს ატლანტის ოკეანეში კუნძულ გრან-კანარიის სამხრეთ-აღმოსავლეთით 97 კილომეტრის მოშორებით მიგრანტების ნავი აღმოაჩინა. ნავში 63 მიგრანტი იმყოფებოდა. ისინი სანაპირო დაცვის გემმა არგუინეგუინის პორტში გადაიყვანა, სადაც მიგრანტები წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
კანარის კუნძულებზე ჩასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით გასულ კვირას ზღვაზე ხელსაყრელი ამინდის გამო გაიზარდა და ჩრდილოეთ აფრიკიდან სულ უფრო მეტი მიგრანტი ევროპისკენ სახიფათო მოგზაურობას იწყებს.
ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, კანარის კუნძულებზე მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივნისამდე მინიმუმ 5 ათას 914 მიგრანტი ჩავიდა.