ჭიათურაში კომპანიის ფინანსური ზარალი 12 მლნ დოლარს შეადგენს, ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია - ლაშა თუთბერიძე

19 ივნისი 2023, 17:06 836 ნახვა

სამწუხაროდ, გუშინდელი შეხვედრის შემდგომ რამდენიმე პირმა მიმართა პროტესტის რადიკალურ ფორმას, რაც ძალიან სამწუხაროა, თემა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ფაქტობრივად, ჩვენ დასაქმებულებთან მიმართებაში თითქმის ყველა საკითხზე შევჯერდით, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეგვექმნა ხელფასის მატების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ განაცხადა.

თუთბერიძის თქმით, კომპანიის მხრიდან შეთავაზება იყო ხელფასის ხუთი პროცენტით ზრდაზე.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია მზაობას გამოთქვამს, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

„ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებული იქნა ხუთი პროცენტით. ცალსახად მათგან მოთხოვნილი იყო 20 პროცენტი. კომპანია წლებია, ზარალიანია სამუშაოების კუთხით ჭიათურაში. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება და ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისის დაძლევის გზებს. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული იქნა კომისიის შექმნა კრიზისის შესწავლის გზებზე, პრობლემებზე. ჩვენი მხრიდან მზაობა არის, დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი იქნას ფინანსური მდგომარეობა კომპანიის და აქვს თუ არა რესურსი კომპანიას დამატებით 15-პროცენტიანი ხელფასის ზრდის. შეთავაზებული იქნა მათთვის, რომ დავდოთ აუდიტის დასკვნა, მივებათ სამომავლო შედეგებს ან არსებული ფინანსური მდგომარეობა ვნახოთ. სამწუხაროდ, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანი არის სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში, არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ იქ ყველაფერი შეჩერდეს. მთელი წლის განმავლობაში არსებულ კრიზისის ფონზე, ჩვენ იძულებული ვართ საწარმო გავაჩეროთ და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დასაქმებულებს ხელფასებს ვუხდით გაჩერებულ წარმოებაში, რაც მცირე თანხები არ არის და თვეში ექვს მილიონზე ლარზე მეტია...

ვცდილობთ, რომ ეს კრიზისი დავძლიოთ და ყველაზე მთავარ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. 15-პროცენტიანი მატება ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის დაახლოებით 10 მილიონი დოლარი წელიწადში. სხვა საკითხებზე პრინციპულად შეთანხმებული ვართ. 14 საკითხი იყო მათგან დაყენებული. ჩვენ პრინციპულად ყველაფერზე თანხმობა გამოვაცხადეთ, თანხმობა გამოვაცხადეთ კომისიურად შევისწავლოთ, რატომ მივიღეთ შრომის ორგანიზების პირობების ცვლილებაზე გადაწყვეტილება, რატომ ჩავთვალეთ ეს მიზანშეწონილად, რაც გულისხმობდა იმას, რომ 12-საათიანი სამუშაო რეჟიმი, რასაც დასაქმებული ითხოვენ, ჩვენი მოთხოვნით შეგვეცვალა რვა-საათიანი სამუშაო რეჟიმით. ყოველწლიურად ხელფასის მატებას ჩვენ ვახდენთ ინფლაციის ინდექსიზაციიდან გამომდინარე, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ქვეყნდება ყოველ წელს. მაგალითად, 2021 წელს გაფორმება მოხდა ჩვენ შორის და 2021 წლის შედეგებით ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 9,6 პროცენტი, ჩვენ 9,6 პროცენტით ჩვენს 5 700 თანამშრომელს ხელფასები მოვუმატეთ. ეს ხალხი შეიძლება, მეტს იმსახურებს და რა თქმა უნდა იმსახურებს, მაგრამ არ არის რესურსები კომპანიის. ის 15 პროცენტი რასაც ითხოვენ, თანხებში არის ასე 10 მილიონი დოლარი წლიურად.

დღეს საპროგნოზო მაჩვენებელი ჩვენი ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში არის 12 მილიონ დოლარი, ამ ფონზე მოთხოვნა 10 მილიონი დოლარის ხელფასის მომატებაზე, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ სახელმწიფოსგან გვაქვს მაქსიმალური თანადგომა ფინანსური ვალდებულების გადავადებაზე, ძალიან ალოგიკურია. შრომის ინსპექცია ხშირად სტუმრობს კომპანიას, მათი მხრიდან ხშირად ფიქსირდება ხარვეზები და ამას ჩვენი მხრიდან ვასწორებთ, მაგრამ არსებით ხასიათის შენიშვნა, რაც შრომის უსაფრთხოების კუთხით გარკვეულ დარღვევებს უკავშირდება, ასეთი არ დაფიქსირებულა. ჩვენი მზაობა არის, რომ მივიდეთ კონსენსუსამდე, გადაწყვეტამდე და ნდობა ამაღლდეს. ამ თემაზე უნდა არსებობდეს ნდობა და მნიშვნელოვანია გარე პირების ჩართულობა, მათ შორის გარე აუდიტორის, რომელსაც მოითხოვს თავად დასაქმებული“, – განაცხადა თუთბერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი