რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კობა ფარტენაძის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს დღეს დილით, უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.
როგორც თავად კობა ფარტენაძე აცხადებს, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა.
"დღეს დილის გადაცემის დასრულების შემდეგ, დაცვამ შემატყობინა რომ სტუმარი იყო მოსული. დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი, მითხრა წიგნი მოგიტანე საჩუქრადო.
გავედი და თმებში მწვდა, რამდენიმე კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მადლობა ღმერთს ძლიერი დაზიანება არ მიმიღია. დამემუქრა, რომ პარკში დამხვდებოდა. ვნახეთ, რომ ეს წიგნი შეიცავს მძიმე სიუჟეტებს არის ნაცისტებზე, მკვლელობაზე, მსგავსი შინაარსის წიგნია.
სავარაუდოდ, ჩემს გარეგნობასთან, ჩაცმულობასთან ქონდა პრობლემა, რომელიც აშკარად არ გამოუხატავას. ქუჩაშიც მხვდებოდა, ჩვეულებრივად ვესალმებოდი და არასოდეს აგრესია არ ჰქონია. გამოძიებიდან გამომდინარე მეტს ვერ ვიტყვი, მაგრამ სავარაუდოდ, საქმე ფსიქიურ პრობლემასთან გვაქვს...
ისროდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს. შეიძლება ეს იყოს ჰომოფობიურ ნიადაგზე, ან ადრე რაღაც მკითხა ქუჩაში და არ მიპასუხია...
დღეს დილით, ასე ფიზიკური ძალადობით მოსვლა სამსახურში რას ნიშნავდა არ ვიცი და იმედია რომ დადგინდება პოლიციის მიერ. ახლა მივდივარ ექსპერტიზაზე, ძლიერი ფიზიკური დაზიანება არ მაქვს. პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
ეს ბიჭი არის აქაური, სავარაუდოდ რაღაც პერიოდი იყო ქუვეითში, დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს ვიტყვი"- განაცხადა კობა ფარტენაძემ.
პოლიციას დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით მისი ვინაობა არ სახელდება. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.