ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს, დარჩენილი დრო გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის - პაველ ჰერჩინსკი

07 ივნისი 2023, 12:45 460 ნახვა

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე საქართველომ უნდა გამოიყენოს დრო და მიაღწიოს მაქსიმალურ პროგრესს რეკომენდაციებთან დაკავშირებით.  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს აჭარაში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ჰერჩინსკი უკვე შეხვდა ბათუმის მერს და ასევე, შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან.

"როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავენ შეხვედრას წლის ბოლოს და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საკვანძო მომენტია საქართველოსთვის, საქართველო გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში, ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრს შორის დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური. ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტებს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების ყველა ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება წლის ბოლოს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარტნიორობის გაძლიერებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, აჭარაში იმყოფება. 

​"შეხვდებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს. ასევე, შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. გვექნება შეხვედრები ახალგაზრდა მეწარმეებთან, რომლებიც ბევრ შესანიშნავ სტარტაპს ქმნიან. ვაპირებთ სხვა მუნიციპალიტეტებში ჩასვლას ადგილობრივ აქტივისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შესახვედრად. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული, მოცულობითი პროგრამაა. მე ნამდვილად ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ვიმყოფები, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში და მაქვს კონტაქტები და შეხვედრები ბათუმისა და აჭარის მცხოვრებლებთან“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში